E ჯგუფი: გერმანია ისევ ჯგუფში ჩარჩა, იაპონიამ სასწაული შეძლო

E ჯგუფი: გერმანია ისევ ჯგუფში ჩარჩა, იაპონიამ სასწაული შეძლო
2-12-2022, 18:42

გერმანიის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატს ეთიშება ჯგუფური ეტაპიდან! ალემანებმა დღეს კოსტა-რიკას დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 4:2 კი მოუგეს, თუმცა ისინი ესპანეთის ნაკრებმა დააღალატა - "ფურია როხას" მიერ იაპონიასთან განცდილმა მარცხმა ჰანსი ფლიკის გუნდი E ჯგუფში ჩატოვა.
ბუნდესგუნდი მე-10 წუთზევე დაწინაურდა სერჟ გნაბრის გოლით. 58-ე წუთზე ლათინოამერიკელებმა ანგარიში გაათანაბრეს - თავი იელცინ ტეხედამ გამოიჩინა. ძალიან მალე ხუან პაბლო ვარგასმაც შეაგდო და კოსტა რიკა წინ გავიდა. პარალელურ მატჩში ესპანეთი უკვე აგებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჯგუფიდან იაპონია და კოსტა რიკა გადიოდნენ, თუმცა თანაკონტინენტელებს მშველელად ისევ გერმანელები მოევლინენ. კაი ჰავერცის დუბლისა (73', 85') და ნიკლას ფულკრუგის (89') გოლებმა "ფურია როხას" მერვედფინალის საგზური აჩუქეს.
ალ ჰორი. "ალ ბაითი". 67 054 მაყურებელი
კოსტა-რიკა 2:4 გერმანია

გოლები: 0:1 გნაბრი (10), 1:1 ტეხედა (58), 2:1 ვარგასი (70), 2:2 ჰავერცი (73), 2:3 ჰავერცი (85), 2:4 ფიულკრუგი (90+1)
კოსტა რიკა: ნავასი; ფულერი (ბენეტი 74), ვასტონი, დუარტე, ვარგასი, ოვიედო (კონტრერასი 90); კემპბელი, ბორხესი, ტეხედა (ვილსონი 90), აგილერა (სალასი 46(; ვენეგასი (მატარიტა 74)
გერმანია: ნოიერი; კიმიხი, სულე (გინტერი 90), რიუდიგერი, რაუმი (გიოტცე 67); გორეცკა (კლოსტერმანი 46), გიუნდოგანი (ფიულკრუგი 55), მუსიალა; სანე, მიულერი (ჰავერცი 66), გნაბრი
რაც შეეხება თავად ესპანეთისა და იაპონიის მატჩს, პირველი ტაიმი "წითელმა ხარებმა" შესანიშნავად ჩაატარეს. მე-11 წუთზე ალვარო მორატას მიერ გატანილ გოლს ჯგუფიდან ესპანეთიც გაჰყავდა და გერმანიაც, თუმცა მეორე ტაიმში "სამურაიებმა" ის ქარიშხალი დაატრიალეს, რომელიც ამ ტურნირზე ერთხელ უკვე ვნახეთ (მათსა და გერმანიის ნაკრების დაპირისპირებაში) - 48-ე წუთზე რიცუ დონანმა გაიტანა, ხოლო სამ წუთში აო ტანაკამ შეაგდო.
როგორც უკვე ვთქვით, მატჩის მიმდინარეობისას იყო მომენტი, როცა ჯგუფში გრანდები ერთდროულად რჩებოდნენ, მაგრამ გერმანიის გვიანმა გოლებმა ეს მოცემულობა შეცვალა.
მაშასადამე, E ჯგუფში პირველი ადგილი იაპონიის ნაკრებმა დაიკავა, რომელმაც 6 ქულა მოაგროვა. 4-4 ქულა აქვთ ესპანეთსა და გერმანიას, მაგრამ "ფურია როხას" გოლების სხვაობა გაცილებით უკეთესია. რაც შეეხება ბოლო პოზიციას, იქ 3-ქულიან კოსტა რიკას ვხედავთ.
მერვედფინალში იაპონიის ეროვნული გუნდი ხორვატიის ნაკრებს შეხვდება, ესპანელებს კი მაროკოსთან ელოდებათ ჯახი.
"ხალიფა ინტერნაციონალ სტადიუმი". 44 851 მაყურებელი
იაპონია 2:1 ესპანეთი
გოლები: 0:1 მორატა (11), 1:1 დოანი (48), 2:1 ტანაკა (51)

FACEBOOK კომენტარები