ანალიზი - ვის როგორი შანსი აქვს სერია ა-ს მოგების

ანალიზი - ვის როგორი შანსი აქვს სერია ა-ს მოგების
25-02-2021, 15:48
551

იტალიის ჩემპიონატი ბოლო წლებთან შედარებით წელს ყველაზე დაძაბულია.


გასული ტურის შემდეგ "ინტერი" გალიდერდა, "იუვემ" ქულები დაკარგა და "რომა" კვლავ მესამე ადგილს დაუბრუნდა. დიახ, ნეაპოლელებს და ტურინელებს ერთი მატჩი აქვთ დამატებით ჩასატარებელი, მაგრამ არავინ იცის ეს შეხვედრა როგორ დასრულდება, ამიტომაც ჯერ ისე ვიმსჯელოთ, როგორც ცხრილი გვიჩვენებს.

ანტონიო კონტეს გუნდი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. ისინი საწყისი ტურებიდანვე კვალ და კვალ მისდევდნენ პირველ ადგილოსანს, მაგრამ ახლა უპირატესობა თავად მოიპოვეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ინტერი" ამ სეზონში ყველაზე გამტანი კლუბია სერია ა-ში.

რადგან "ინტერზე" ვსაუბრობთ, გადავხედოთ მათ მომავალ განრიგსაც. ამ მილანურ კლუბს ყველაზე გამორჩეულად ის აქცევს, რომ სხვა ჩემპიონატზე არ გამოდის და მთლიანად სერია ა-ზეა კონცენტრირებული.

შვიდეულის გუნდებთან კონტეს ხუთჯერ უწევს შეხვედრა. ერთ-ერთი მათგანი, ყველაზე საინტერესო სერია ა-ს მომდევნო, 23-ე ტურია, მილანური დერბი, რაც პირველ ადგილოსანს უფრო მკვეთრად გამოკვეთავს. მიმდინარე სეზონში ეს "სან სიროზე" გამართული უკანასკნელი დერბი იქნება.

ანტონიოს გუნდისთვის კარგი კიდევ ის არის, რომ დიდ გუნდებთან თამაში ერთად არ უწევს და მას შეუძლია ფეხბურთელები შედარებით დასვენებულ მდოგმარეობაში ჰყავდეს მნიშვნელოვან შეხვედრებში.

მოდით ახლა მეორე მილანური კლუბი განვიხილოთ. მიმდინარე სეზონის აღმოჩენა პიოლის გუნდია, რომელიც ბევრს აოცებს. "მილანი" საწყისი ტურებიდანვე სერია ა-ს ცხრილს ლიდერობს და მილანელი ტიფოზების გულს ახარებს. პირველი წაგება მათ "იუვენტუსთან" იწვნიეს, შემდეგ კი გასულ ორ ტურში დამატებით ორიც მიაყოლეს.

ასე და ამგვარად ამან ქულების დაკარგვა გამოიწვია და "ინტერმა" ამ მდგომარეობით ისარგებლა. შვიდეულის გუნდებთან "მილანს" თამაში ექვსჯერ უწევს, თანაც ევროპა ლიგაზეც ასპარეზობენ, რაც მათ განრიგს კიდევ უფრო რთულს ხდის.

მაგრამ მოტივაციის ფაქტორი აქ ყველაზე მთავარია. მათ წელს აქვთ ის, რაც გასულ დეკადაში არ ჰქონიათ. მოტივაცია და ამ რაოდენობის ქულები ამდენი ტურის შემდეგ. ასე რომ წელს მათ ჩემპიონობის რეალური შანსი აქვთ, თუ მოტივაცია არ დაკარგეს. რა თქმა უნდა, ზლატანის ფაქტორიც ძალიან დიდია.

სერია ა-სთვის მებრძოლი გუნდებიდან მესამე ადგილზე "რომაა". მოქმედ ჩემპიონებთან მარცხის შემდეგ რომაელებმა წონასწორობა მაინც აღიდგინეს. დადებითი ისაა, რომ ისინი მხოლოდ სერია ა-ზე არიან კონცენტრირებულები.

რომ ვთქვათ, რომ მათ გადასარევი სეზონი აქვთ, ტყუილია, მაგრამ ლიდერებს შორის იმიტომ იმყოფებიან, რომ კონცენტრაციის ნაკლებობას არ განიცდიან და სწორედ შეიძლება ეს იყოს ის ფაქტორი, რაც მათ ჩემპიონობისთვის დაეხმარება.

ახლა უკვე იტალიის ჩემპიონების ჯერი მოვიდა. 6-ჯერ წაგებას ძლივს გადარჩენილმა პირლოს გუნდმა საბოლოოდ მაინც მოახერხა დამარცხება სერია ა-ში და ამას კიდევ ორი წაგება მიაყოლა. "ბებერმა ქალბატონმა" ძალიან უაზროდ დაკარგა ქულები, რის გამოც ახლა მე-4 ადგილზე იმყოფება.

ყველაზე დიდი ფაქტორი გუნდში კრიშტიანუ რონალდუა, რომლისთვისაც მოტივაცია არაერთი რამ არის, ზლატანი, მესი, ოქროს ბურთი, ოქროს ბუცი და... ამიტომაც პორტუგალიელი სულ მაქსიმალურად იხარჯება და თუ გაეხსნა, იცით, ტიტულის მარტოდ მოგებაც კი შეუძლია.

პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს რომ თავი დავანებოთ, პირლო ადაპტაციის პერიოდს ნელ-ნელა გადის. მან უკვე მოიპოვა ერთი ტიტული და მეორეს ფინალშიც იმყოფება. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგაზეც ირჯება.

ასე და ამგვარად, "ბიანკონერი" ერთდროულად სამ ფრონტზე იბრძვის, მაგრამ მსგავსი ვითარება "ბებერი ქალაბტონისთვის" უცხო არაა და ეს ფაქტორი მათ ნამდვილად არ უშლიდა ხელს, რომ ზედიზედ 9-ჯერ მოეგოთ ტურინირი, თანაც 7-ჯერ კრიშტიანუს გარეშე.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ანდრეა პირლოს დაცვა ჯერ-ჯერობით იტალიაში ყველაზე ძლიერია და 21 შეხვედრაში მხოლოდ 19 გოლი აქვს გაშვებული. ეს ნაცნობი სიტუაციაა. აი, გოლების გატანის მხრივ "იუვე" ხშირად არ გამოირჩეოდა და გამონაკლისი არც ამ სეზონშია.

როგორ გამოიყურება მათი მომდევნო განრიგი? სერია ა-ს ტოპ 7-ეულის გუნდებთან თამაში 5-ჯერ უწევს, მაგრამ ამას იტალიის თასის ფინალი ემატება "ატალანტასთან" და ჩემპიონთა ლიგის კიდევ მინიმუმ ორი შეხვედრა.

თუ "იუვე" "პორტუს" ჩმპიონთა ლიგიდან გამოთიშავს, მისი მეტოქე ნამდვილად ძალიან ძლიერი გუნდი იქნება. შეიძლება ითქვას, რომ სერია ა-ს ნებისმიერ გუნდზე უფრო ძლიერი, "ბიანკონერი" კი პრიორიტეტად სწორედ ჩემპიონთა ლიგას მიიჩნევს.

დიდი ქამბექები გვახსოვს ამ გუნდისგან. მიუხედავად 3-4 ფრონტზე ბრძოლისა ეს კლუბი ხშირად ახერხებდა ჩემპიონობას, ასე რომ გამორიცხული არაფერია. თანაც მათ ჩემპინობას ის უწყობს ხელს, რომ გუნდის არსენალში მყოფი ფეხბურთელებიდან თითქმის 20 მოთამაშე იბრძვის სასტარტო შემადგენლობისთვის, ასე რომ, ამ გუნდს დიდი რესურსი აქვს თასის ზედიზედ მე-10-დ დასაცავად. ლიდერს 8 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული და წინ 17 შეხვედრაა.

მომდევნო გუნდი, რომელსაც ჩემპიონობის სულ მცირე შანსი მაინც აქვს "ნაპოლია". ისინი დაახლოებით "იუვესნაირად" იბრძვიან, მათაც ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული.

ჯენარო გატუზო დიდ სამუშაოს წევს, ასე რომ, ნეაპოლელთა ჩამოწერა ნამდივლად არ შეიძლება. აგერ, წინა ტურში მათ "იუვენტუსი" დაამარცხეს. თუმცა ეს პენალტის ხარჯზე, თორემ სხვა რეალური მომენტი მათ ნამდვილად არ ჰქონიათ.

არ დაგვავიწყდეს "ატალანტაც". გასულ ორ სეზონში გუნდმა ცუდად დაიწყო, ბოლო ტურებში კი ისე აკრიფა, რომ სერია ა-ს გრანდებსაც კი არაფრად ინდობდა და გახსოვთ ალბათ, "მილანს" სან სიროზე 0-7 მოუგო. თუმცა ეს აფეთქება ორივე სეზონში ცოტა გვიან მოუვიდათ, რის გამოც ლიდერს ვერ დაეწია.

ასე და ამგვარად, პროცენტულობა ასე შეიძლება გადანაწილდეს.

"ინტერი" - 21%

"მილანი" - 20%

"იუვენტუსი" - 19%

"ნაპოლი" - 16%

"რომა" - 16%

"ატალანტა" - 11%

"ლაციო" - 8%

სხვა რომელიმე გუნდი - 2%

FACEBOOK კომენტარები