"არავის ვუსურვებ იმის გამოცდას, რაც მე გავიარე" - რას იხსენებს კაცი, რომელმაც ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში 29 საათი იმუშავა

"არავის ვუსურვებ იმის გამოცდას, რაც მე გავიარე" - რას იხსენებს კაცი, რომელმაც ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში 29 საათი იმუშავა
16-10-2021, 08:12
53

38 წლის ლუკა ჩორგოლაშვილი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ კორპუსთან ჩამონგრევიდან მოკლე ხანში გამოჩნდა და სამაშველო ოპერაციის ბოლომდე მაშველების გვერდით იბრძოდა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

ლუკა მაშველი არ არის, არც საგანგებო წვრთნა აქვს გავლილი, იგი „ბათუმის წყლის“ თანამშრომელია, თუმცა მას შემდეგ, რაც ნანგრევებიდან ადამიანის ხმა გაიგონა, იგი 29 საათით მაშველად იქცა.

ლუკას ვთხოვეთ 8 ოქტომბერი გაეხსენებინა.

„ადამიანია ნანგრევებში“ – როგორ იქცა ლუკა მაშველად
8 ოქტომბერს, სახლი რომ ჩამოინგრა, იმ წუთასვე დაგვიკავშირდა „ბათუმის წყალი“ და გვითხრა იქ გავჩენილიყავით. ჩვენი ტექნიკა პირველი მივიდა ნანგრევებთან, ყველა ჯგუფი იქ წავედით.

ამწესთან ვიდექი, მიმართულებას ვაძლევდი, როცა თქვეს, ადამიანია ნანგრევებში, წყალს ხომ ვერ მივაწვდითო.

ვხედავდი, რომ მივიდნენ, დაელაპარაკნენ და გამოვიდნენ, რადგან ზევით მუშაობდნენ მაშველები. ამიხსნეს, რომ ინსტრუქციას მიჰყვებოდნენ, არ შეიძლებოდა სხვაგვარად.

ვერ მოვითმინე, ორჯერ მივედი იმ ადგილას ნანგრევებში, საიდანაც ადამიანის ხმა ისმოდა, ვესაუბრებოდი. „ვერაფერს ვერ ვხედავ, სუნთქვა მიჭირსო“, – მეუბნებოდა.

ვეუბნებოდი, რომ გაძლიერებულიყო, გამოვიყვანდით და ყველაფერი კარგად იქნებოდა. მესამედ რომ მივედი, დავუძახე – ზვიო, როგორ ხარ, ხომ ხარ კარგად-მეთქი.

„გონებას ვკარგავ, უკვე აღარ შემიძლიაო“ – მითხრა.

„მე შენ გხედავ. არ კარგავ გონებას. გხედავ, გაჭედილი ხარ, თავი გაქვს სხვა მხარეს და ვერ ტრიალდები და ამიტომ ვერ მხედავ. ნუ გეშინია, მალე შემოვაღწევთ შენამდე – მეთქი“ – ვუთხარი.

„მხედავ, მართლა?“ – მითხრა.

ვერ ვხედავდი, მაგრამ ჩემი სიტყვები იყო საშუალება, ადამიანი არ დამეკარგა, მასთან კონტაქტი მქონოდა. ისე გავაკეთე, რომ შევინარჩუნე ეს კონტაქტი.

„ქვა ამოვჭერით და ზურგზე ხელით შევეხე“
უკვე საღამო იყო, მაშველები ამ დროს იბრძოდნენ ნანგრევებიდან ქალის გამოსაყვანად. ნელ-ნელა გადავწევთ და ისე შევალთ ზვიადისთანო, კაცთან, ვისი ხმაც ისმოდა ნანგრევებიდან.

„ბათუმის წყალში“ მიმუშავია მიწისქვეშ. მაშველებს ვთხოვე, ამოვჭრათ მჭრელებით და ქვემოდან შევძვრეთ ადამიანთან-მეთქი.

ამოჭრა ჩემი ინიციატივა იყო, სხვა გზა არ იყო, იმიტომ, რომ ადამიანს დავკარგავდით, ნელ-ნელა ფენების მოხსნით ნანგრევებიდან ვერ ჩავაღწევდით.

ამბობდნენ, რომ საშიში იყო. ვუთხარი, რომ არ მოვკლავდით. ვიცი, მიმუშავია, მაქვს გამოცდილება, მიწის ქვეშ ბევრჯერ ჩავსულვარ, ვიცი, როგორ შეიძლება იმუშაო. ვუყურებდი, როგორ ელაგა ქვები, გამორიცხული იყო რამე დამცემოდა, მით უმეტეს, რომ ზემოდან დამზღვევები იყვნენ.

დავიწყეთ გამოჭრა, ამოვჭერით, შევედით და ზურგზე მოვკიდე ხელი. ადამიანმა რომ იგრძნო, შევეხეთ, მეორედ დაიბადა, ის უკვე გადარჩენილი იყო, გონება აღარ დაუკარგავს. მერე გავამაგრეთ ადგილი, ზემოდან ამოვჭერით და ამოვიყვანეთ.

საკუთარმა ჭერმა გადაარჩინა ეს ადამიანი. „სინკარი“ იყო, რომელიც ნახევარი საათი იჭრებოდა, ძლივს ამოვჭერით.

„ოღონდ ცოცხალი დამენახა ის ადამიანები, ვისი ხმაც მესმოდა“
სანამ სამაშველო ოპერაცია მიდიოდა, ერთი წამითაც არ წავსულვარ, ერთი წამითაც არ მიძინია, მარტო ვჭამდი და წყალს ვსვამდი, ვიბრძოდი როგორც შემეძლო – ნიჩბით, ხელებით, ფრჩხილებით, ოღონდ იქ ჩავმძვრალიყავი, ოღონდ ის ხმა არ შემწყდარიყო.

არ ვფიქრობდი იმაზე, რომ თავში დამეცემოდა რამე, ოღონდ ის გამომეყვანა, მხოლოდ ის მიტრიალებდა თავში, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე გადამერჩინა.

არანაირი გამოცდილება არ მქონია სამაშველო საქმეში. უბრალოდ რაღაც ძალა მომეცა, იმ წამში მაშველიც ვიყავი და ყველაფერი. სულ სხვა ადამიანად გადავიქეცი, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რამე დამეცემოდა და რამე დამემართებოდა. ოღონდ ცოცხალი დამენახა ის ადამიანები, ვისი ხმაც მესმოდა.

თავიდან მაშველები არ მიშვებდნენ, თავზე არაფერი მეფარა. ვყვიროდი, რას მელაპარაკებით, რომელ დაზიანებაზე. დაინახეს, რომ ვერ მაჩერებდნენ, რაც შემეძლო ვაკეთებდი და ბოლოს უფროსმა თქვა, დაახურეთ თავზეო.

ქალის ხმაც გვესმოდა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ რამე დაემართებოდა. გველაპარაკებოდა, გვეძახდა – ჩემს შვილებს ხომ უშველითო. კიო – ვეუბნებოდით. ვერ წარმოვიდგენდი მის სიკვდილს.

როგორი რაღაცაა იცით? იქ ვყვიროდი, რომ ყველა გადარჩებოდა, ადამიანს, რომელსაც ცოლ-შვილი დაეღუპა, ვუთხარი, რომ მისი ცოლი ცოცხალი იყო და ბავშვებსაც ვნახავდით. ყველაზე დიდი ტკივილია ეს ჩემთვის. დავპირდი ადამიანს და ვერ შევასრულე.

მაშველებთან ერთად
მინდოდა ყველა გადარჩენილიყო, მაგრამ რომ ვუყურებდი ლოდებს, იმასაც ვხვდებოდი, რომ სასწაული უნდა მომხდარიყო.

მაშველებს რომ ვუყურებდი როგორ იბრძოდნენ, როგორ განიცდიდნენ… ყველაზე მწარეა, რომ გინდა გადაარჩინო ადამიანი, მაგრამ ვერ ახერხებ. მაშველები უნდა გაჰყოლოდნენ ინსტრუქციას, რომ ცოცხალი ადამიანი არ დაეზარალებინათ.

როცა გარდაცვლილი ამოგყავს, ესაა ყველაზე დიდი შოკი. ყველა ვტიროდით, არ შეგვეძლო არაფრის თქმა.

ყველა მაშველი ცრემლიანი იყო, ეს იყო ძალიან დიდი შოკი, იბრძოდნენ, მაგრამ…

„ორი ღამე ვერ დავიძინე, სათამაშოებთან ვიყავი, კედელთან“
მეორე დღეს მივედი ისევ იქ. სათამაშოები დაკიდეს კედელზე, ყვავილები მოიტანეს. იქ ვიყავი ღამის 4 საათამდე, ვალაგებდი.

არავისთვის მითქვამს, მაგრამ ორი ღამე ვერ დავიძინე სახლში. ხმა მესმოდა ნგრევის, ადამიანების. ემოციური ვარ ძალიან, შოკში ვიყავი, მაგრამ შევეცადე არ შემემჩნია. ჩემით გამოვიყვანე ჩემი თავი.

უფრო მშვიდად ვიყავი იქ, სადაც ბავშვების სათამაშოებია, ვალაგებდი, სანთლები დავანთე. იქ ჩემი სული მშვიდდება.

„ყველა საშინელება სოხუმში ვნახე, ბავშვობაში“
სოხუმელი ვარ წარმოშობით. ყველაფერი გავიარე, ჯერ კიდევ ბავშვმა. III-IV კლასში ვიყავი ომის დროს.

მინახავს გარდაცვლილები, ტყვიები. ყველაფერი საშინელება, რაც ყოფილა სოხუმში, მაქვს ნანახი. თითქოს კინოში, ისე იყო. შენს თვალწინ ფეთქდება ყველაფერი და ამ ყველაფერს ესწრები.

ვფიქრობ, მაშინ გავძლიერდი.

2008-ში, ომის დროს, ერთი წამი შიში არ მქონია, უკვე ნანახი მქონდა ეს ყველაფერი.

არავის ვუსურვებ იმის გამოცდას, რაც მე გავიარე. ჩემთვის ბედნიერება ის იქნება, ერთმანეთისთვის ვიბრძოლოთ, მეტი არაფერი დაგვრჩება.

რაც მიმიღია გაკვეთილი ამ ყველაფრიდან ისაა, რომ უნდა იბრძოდე ადამიანისთვის.

„დღეს ზვიადი ვნახე“
თქვენთან შეხვედრამდე ერთი საათით ადრე ვიყავი კლინიკაში და ვნახე ის ადამიანი. მამა გაბრიელის საფლავიდან წამოღებული მირონი მქონდა და მივუტანე.

ისე ჩავეხუტე, სულ დამავიწყდა, რომ ჯერ არ შეიძლება. ცოცხალია. ლაპარაკობს, კარგად არის. ეს არის მთავარი. იმედია, კიდევ ბევრჯერ შევხვდები.


FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები