მართლაც ღმერთი ხართ დედამიწაზე – ადამიანების ისტორიები, რომლებიც ლევან რატიანს ჯადოქარს და ღმერთს უწოდებენ

მართლაც ღმერთი ხართ დედამიწაზე – ადამიანების ისტორიები, რომლებიც ლევან რატიანს ჯადოქარს და ღმერთს უწოდებენ
30-06-2021, 01:07
1 053

არ დავუშვებ, რომ ვირუსმა გაიმარჯვოს სიცოცხლეზე! – ეს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის სიტყვებია, რომელიც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლის სადარაჯოზე დგას.

ლევან რატიანის უსაზღვრო ოპტიმიზმსა და შემართებას უამრავი ადამიანი დაუხსნია სიკვდილისგან, იმ მომენტშიც, როდესაც მდგომარეობა თითქმის უიმედოც კი იყო. გარდა სამედიცინო სფეროში ფასდაუდებელი ღვაწლისა, საზოგადოებამ ექიმი გარეგნობის გამოც გამოარჩია და მეტად შეიყვარა. სოციალურ ქსელში მის ლოყებს განიხილავენ და რამდენჯერმე ღონისძიებაც კი ჩაინიშნა სახელწოდებით: „გვაჩქმეტინოს ლევან რატიანმა ლოყებზე“.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ხშირად ამბობს, რომ მის უკან ღმერთი დგას და ღმერთის დიდ მხარდაჭერას გრძნობს.

„როდესაც დგება პაციენტთან მომენტი, გული ჩერდება, მილოცია, რომ ღმერთო ოღონდ ამ წუთში გადამირჩინე… და ასეც მომხდარა, რადგან არის ძალა, რომელსაც ჰქვია ღმერთი, რომლის საშუალებითაც აკეთებ ამ ყველაფერს. რომ არა ეს ძალა, ვერ იქნება ვერანაირი მიღწეული შედეგი ვერც ექიმისთვის და პაციენტისთვის და ეს ხშირად მიგრძვნია, რომ ჩემს უკან ვიღაც დგას და ეს არის ღმერთი“.

რატიანის პაციენტები არიან როგორც ცნობილი, ასევე საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანები.

„როცა პაციენტების პოსტებს ვკითხულობ, ძალიან მიხარია. ბედნიერებაა, როცა შენი ხელით, გრძნობით და ტვინით ადამიანები კვლავ აგრძელებენ სიცოცხლეს. ამაზე უკეთესი საქმე არ არსებობს“ – ამბობს ლევან რატიანი „პრაიმტაიმთან“.

გთავაზობთ ისტორიების იმ მცირე ნაწილს, რომელიც ექიმის სახელს უკავშირდება.

სასწაული შობის ღამეს

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კოვიდინფიცირებულიფეხმძიმე, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს, ლევან რატიანმა სასწაულებრივად იხსნა სიკვდილისგან. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბელა საღინაძე წერს.

„შობის ღამეს მართლა ხდება სასწაულები და მას უფლისგან მოგზავნილი ანგელოზები ახდენენ.. ირგვლივ ყველაფერს ჯადოსნური ძალა აქვს, რაღაცას ელოდები უსაშველოდ ამაღლებულს და უდიადესს.. ახლა გული ისე გამალებით მიცემს, ლამისაა ამოვარდეს საგულედან… სასწაულია, აბა რა არის ეს შობის ღამე ქუთაისელი ნინოსა და მისი ოჯახისთვის! სულ რამდენიმე საათიც და ნინო თავის შვილიკოებს დაუბრუნდება და ჩაეხუტება… სულ ცოტაც და ნინოს დედიკო მეორედ დაბადებულ შვილს ჩაიკრავს გულში…. ვიცი,რომ ძალიან ბევრი ლოცულობდით ნინოსთვის და გულშემატკივრობდით. ნინო მეორედ დაიბადა უფლისა და ლევან ექიმის წყალობით!..

ხო, ლევან ექიმია შობის და ქრისტეს მახარობელი ამ ნინოსთვის და ვინ დათვლის კიდევ რამდენი ნინოსთვის…. მიუხედავად უმძიმესი მდგომარეობისა, ექიმს ჯიუტად სჯეროდა, რომ აუცილებლად გადაარჩენდა… და აჰა, კიდევ ერთი ახალგაზრდა დედა მონატრებულ შვილებს, დედას კი შვილი დაუბრუნა, შვილი…. მადლობა უფალს, რომ მეც გამხადა ამ საოცარი სიხარულის თანამონაწილე და თანაზიარი.. არ ვიცი, ვერ ვაგნებ რა ჯილდო ეკუთვნის ლევან რატიანს ასეთი უზარმაზარი პასუხიმგებლობის, პროფესიონალიზმისა და ადამიანობისთვის! მართლა რამხელა მისიით დაუბადებია უფალს?!… აჩუქო ადამიანებს სიცოცხლე, შვილებს- დედა, დედას -შვილი ამაზე დიდი მართლაც არაფერი არსებობს ამ ქვეყნად… მართლა მიკვირს—და თან რანაირად უნდა მოახერხო თეთრადგათენებული ღამეების მიუხედავად სატელეფონო ზარებს უპასუხო და უზარმაზარი იმედი მისცე ადამიანებს! აი, ამიტომ ლევან რატიანი არის ჩემი წლის ადამიანი!.. ცისხელაათქო და არაა— ცაზე მაღალი ყოფილხარ! მრავალ ქრისტეშობას, ქრისტეს მახარობელო!“.

მარიკა შალიკაშვილი – ჟურნალისტი

ეს ფოტო აპრილშია გადაღებული, აქ დამპირდა ნუ შეგეშინდება, თუ დაგემართა მოგხედავო, დამემართა და მომხედა აღარ ჰქვია, თან გადამყვა.


თვეების მანძილზე ჩემი ყოველი დილა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკით იწყებოდა, მაშინ სხვების ჯანმრთელობის მდგომარეობას ვაცხადებდი და სულ მაინტერესებდა შიგნით რა ხდებოდა.



ლევან რატიანს დიდ პატივს ვცემდი და ვაფასებდი როგორც უკეთილეს, პროფესიონალ ექიმს, რომელიც სხვების სიცოცხლისთვის იბრძოდა.


ახლა უკვე ყველაფერი ის რაც პირველ საუნივერსიტეტოში ხდება ჩემი თვალით მაქვს ნანახი.


ეს არის თავდადებული, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვა ადამიანების გადარჩენისთვის მებრძოლი, ძალიან მაგარი, კეთილშობილი ადამიანების გუნდი. მიხარია, რომ ასეთი ხალხი არსებობს და მათ რომ ვხედავ, მჯერა ყველაფერი კარგად იქნება“.


გიორგი ფანცულაია – ადვოკატი


„მოკლედ, ვინაიდან შედარებით უკეთ ვარ (მაგრამ ჯერაც სამკურნალო), ჩემივე თხოვნით ვტოვებ კლინიკას და გადავდივარ სახლის პირობებში სამკურნალოდ. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ჩემი სიცოცხლის გადარჩენა პირადად ექიმ ლევან რატიანის დამსახურებაა! ლევანი არა მხოლოდ ძალიან მაგარი პროფესიონალი ექიმია, ის სასწაული ადამიანიცაა! მისი პროფესიონალიზმით ხომ გადამარჩინა (არა და საკითხი ზუსტად ჩემი გადარჩენა არგადარჩენაზე იდგა. კიდევ ერთი დღით გვიან მისვლის შემთხვევაში გადარჩენის შანსი უკვე 0% იყო. ჩემს ასაკში ასეთი მძიმე პაციენტი ამ კლინიკას ჯერ არ ჰყოლია კოვიდით, ეს ლევანის სიტყვებია), ასევე ამ ხნის მანძილზე ლევანი არ დაიჯერებთ და საკუთარი ხელით მიკეთებდა ექთნის საქმესაც, მედგა თავზე და იყო ჩემი ფსიქოლოგი, იცლიდა და საკუთარი ინიციატივით დედაჩემს სახლში უნიშნავდა წამლებს (დედასაც კოვიდი ჰქონდა)! მოკლედ სასწაული ადამიანია!“



გიორგი აბდალაძე – ფოტოგრაფი


„ათი დღის წინ, ფაქტობრივად, ვიყავი მიცვალებული. დღეს უკეთესად ვარ, ვსუნთქავ, ძალა მაქვს და იმედი… ლევან რატიანი ჯადოქარია. ის სასწაულებს ახდენს. თქვენ ვერასოდეს წარმოიდგენთ, რა ხდება აქ, რეანიმაციის განყოფილებაში. აქ არ არსებობს შაბათი, კვირა დღესასწაული, დღე და ღამე…


სამედიცინო პერსონალი მუდმივად ებრძვის სიკვდილს და სიცოცხლეს ჩუქნის ადამიანებს. ეს მინდა ვაჩვენო საზოგადოებას ჩემს რეპორტაჟში, რომელსაც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ აუცილებლად გავაკეთებ.


ლეილა მელიქია – ლევან რატიანის მასწავლებელი


„არ შეიძლება, ცხოვრობდე საქართველოში და არ ადევნებდე თვალს მიმდინარე მოვლენებს. კორონა ვირუსმა მოიცვა, მთელი მსოფლიოს ადამიანები პანიკაშია. ძალიან ძნელია ცხოვრობდე სულ შიშში, ნერვიულობაში და კრიზისულ პირობებში, რა ჯობია, როცა ამ გაჭირვების დროს, შენს ხელში გაზრდილი მოსწავლე იმსახურებს ხალხის ქებას. გმირობის ტოლფასია ლევან რატიანის და მისი კოლეგების მოქმედება, ისინი არ იშურებენ ღონეს და ძალას, მიდიან ყოველგვარ რისკზე, მიტოვებული აქვს ოჯახი და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაარჩინონ. ალაპარაკდა ტელევიზია, ეხება საქართველოს ყველა კუთხეს.

დიდება თქვენ გმირებო! ჩემო შვილო, ლევან, მეამაყები გული სიამაყით მაქვს სავსე. არ არსებობს ამაზე დიდი სიხარული, როცა შენი გაზრდილი, ამ გამარჯვებულ ექიმებს შორის რომ დგას.



მე ვარ ლევანის ყოფილი მასწავლებელი. ვასწავლიდი დაწყებით კლასებში. ერთი გამონათქვამი უნდა გაგახსენოთ „თუ საძირკველი დანგრეულია, მაშინ კედლების აშენებისთვის ყოველი შრომა დაკარგულია“. ასე რომ, საძირკველი ჰქონდა ძლიერი და რა თქმა უნდა, მერე წავიდა ძლიერი კედლები. ლევანის წინსვლას ხელი შეუწყო გენეტიკამაც.



ნათქვამია: „კვიცი გვარზე ხტისო“. ეს ნათქვამი ესადაგება ლევან რატიანს. მან გააგრძელა ბაბუას საქმიანობა. ლევანის ბაბუა, პლატონ რატიანი იყო 500-კომლიანი სოფლის ექიმი. იმ გაჭირვების დროს, როცა მედიცინა არ იყო ასე განვითარებული, ის ყველანაირ გამოცდილებას ხმარობდა და გვერდში ედგა ავადმყოფებს. სოფელი დაყოფილი ჰქონდა უბნებად, ყველა უბანს თავისი ექთანი ჰყავდა. ავადმყოფებს სახლში აკითხავდა და სანამ არ გამოაჯანმრთელებდა, არ მოეშვებოდა. ტრანსპორტი არ ემსახურებოდა და დადიოდა ქვეითად. ყველაფერს ამას აკეთებდა უანგაროდ, სიცოცხლის ბოლომდე. ბევრ რამეში გავხარ ბაბუას. პირად კომფორტზე კი არ ზრუნავ, არამედ ავადმყოფის გამოჯანმრთელებაზე. ლევან, მარტო შენი ოჯახის იმედი არ ხარ, არამედ მთელი სოფლის იმედი ხარ. ვინმეს რამე გაუჭირდება და უცბად ყველა ლევანის იძახის. შენც შენთან მისულ თანასოფლელებს ხელს უწვდი. არ მოშლილიყავი შვილო ჩვენს იმედად. შენ მარტო ჩვენი იმედი არ ხარ, შენ მთელი საქართველოს იმედი ხარ. ყველა ავადმყოფის იმედი ხარ. შენ მარტო ექიმი არ ხარ, შენ ხარ ადამიანი, თბილი, მოსიყვარულე, გულთან მიგაქვს ადამიანის გაჭირვება, ეს შენი გენეტიკიდან მოდის. შენს ადამიანად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის შენს მშობლებს. შენი დედა მარინა რატიანი იყო ჩემი კოლეგა, როცა შვილი შეეძინა ვინახულეთ, შენ აკვანში იყავი ჩაკრული. გიყურეთ, გიყურეთ და გითხარით: ბაბუასავით ექიმი უნდა გამოხვიდეო“ ისე აგიხდა ყველაფერი კარგი, ჩვენ რომ ასე აგვიხდა. შენი დაც თამუნა რატიანი-ექიმი, თქვენი მეუღლე- ექიმი, სიძე-ექიმია, ასე, რომ გაქვთ ექიმების ოჯახი. დიდება თქვენ რატიანებო. თქვენი მთელი ოჯახი ჩაბმულია ადამიანის გამოჯანმრთელების საქმეში. დიდება, თქვენ!

ნონა სილაგავა:

„ის რომ გაზაფხულის დილას ვხვდები მომღიმარი… ის რომ მერცხლების, ჩიტების ჟღურტული მესმის.. ის რომ თეთრად და ატმისფრად აფეთქებულ კვირტებს შევცქერი.. და ზღვის მოლივლივე ტალღებს უსასრულობამდე მივყვები… ამ ყველაფრისთვის მადლობა უფალო.. არ მიმატოვე…ხელი არ გამიშვი..

მადლობა და განსაკუთრებული სიყვარული ჩემგან თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორს ლევან რატიანს, გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიორგი ბარაბაძეს, ჩემს მკურნალ ექიმს ნევროლოგიის განყოფილების უფროსს ნანა სარალიძეს, ახალგაზრდა ექიმს, ენდოკრინოლოგს კარენ გრიგორიანს, საუნივერსიტეტო კლინიკის ყველა მედპერსონალს.. მადლობა მუხლჩაუხრელი შრომისთვის, სითბოსთვის, სიყვარულისთვის, ზრუნვის თვის, პროფესიონალიზმისთვის, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის…“


მზია თათელაძე:

„დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის! მადლობა იმისათვის, რომ მე და ჩემი შვილი შევუერთდით მათ რიგს, ვინც დაამარცხა Covid -19 მედიკოსთა იმ არაჩვეულებრივი გუნდის დახმარებით, რომელსაც ხელმძღვანელობს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ყველასათვის ცნობილი ლევან რატიანი, რასაც იგი აღწევს კლინიკაში არსებული გასაოცარი მენეჯმენტითა თუ თითოეული პაციენტის შესახებ ყოველდღიური ინფორმაციის ფლობით, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის შესახებ. მადლობა ლევან ყველაფრისათვის…“


იზოლდა ბოჭორიშვილი-ფანცულაია:



„სახელოვან მამულიშვილს ლევან რატიანს! სულ პატარა სოფელს მაშინ გაუვარდება სახელი-თუ იქ დიდი ვაჟკაცი დაიბადება”! სწერს ერთ ეპილოგში მიხეილ ჯავახიშვილი. ეს ბრძნული გამონათქვამი სწორედ შენისთანა ახალგაზრდას მიესადაგება ჩვენო საამაყო ლევან! პატარა ფოთის სკოლაში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა აღზრდილა-სკოლის დამთავრების შემდეგ-ცოდნა გაუღრმავებია და სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარა მისი არჩეული სპეციალობით, კეთილსინდისიერი ადამიანობით უსახელებია ოჯახი, პედ-კოლექტივი, სოფელი.. და ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება.

ამის უკვდავი მაგალითი შენ ხარ ჩემო ლევან! შენ ხომ სწორად მოირგე შენი წინაპრის და შენი მშობლების ტრადიციები, მუხლჩაუხრელი შრომით მიაღწიე ჯერ კიდევ ბავშვობაში დასახულ მიზანს. შენს წიგნებთან ნათევ ღამეებს უქმად არ ჩაუვლია… და დღეს დედაქალაქის საუნივერსიტეტო კლინიკის-დირექტორი, პროფესორი, ყველაფერი მრავალი სიკეთე ერთად დაგაბერტყა უფალმა, რადგან საუკუნის მოსალოდნელი პანდემიის დროს დაუღალავი ბრძოლით გადაგერჩინა შენი თანამემამულენი,-შენ ეს შეძელი მშობლების, ცოლ-შვილის, ახლობლების უნახაობის ხარჯზე. სწორედ ამიტომ გახდი გმირი. უყურებ ტელევიზიით შენს გამოსვლებს და თვალები ცრემლებით მევსება… ნუთუ ეს ჩვენი-პატარა ფოთის ახალგაზრდაა, რამოდენიმე წლების უკან ჩემს შვილებთან ერთად რომ სწავლობდა სკოლაში და მისი დედიკოს ახსნილ გაკვეთილებს უსმენდა? სამაგიეროდ ჩემო უჭკვიანესო ვაჟკაცო-შენ გისმენს მთელი საქართველო. მეამაყები ნამდვილად, საქართველოს საამაყო შვილო!



სწორედ შენისთანა გმირების მხრებზე იდგა ჩვენი სამშობლო და ქართული გენი არ დაიკარგება არასოდეს. დაგლოცავ! სულ მწვანე შუქზე გევლოს. შენი მშობლებით, ცოლ-შვილით, დედმამიშვილით, წარმატებებით გევლოს უმაღლესი პროფესიონალური მწვერვალისაკენ და ჩემი სურვილია: როგორც შენ დგეხარ ბუმბერაზი ადამიანების გვერდით და წყვეტ შენი ხალხის ჯანმრთელობის ბედს-საკეთილდღეოდ, წლების შემდეგ შენი შვილები, დისშვილები, ჩვენი სოფლის ახალგაზრდობა დამდგარიყოს შენს გვერდით ჯანმრთელი და ჯანსაღი ერთობლივი აზრების განსახილველად! – შენი კეთილისმსურველი: იზოლდა ბოჭორიშვილი-ფანცულაია.



შატილის ტრაგედიას გადარჩენილები



23 აგვისტოს მომხდარ საბედისწერო ავარიისას შატილში 3 მძიმედ დაშავებული ახალგაზრდა ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანეს.



„მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა რომ არსებობთ და სიცოცხლეს ჩუქნით ამდენ ადამიანს, მართლაც ღმერთი ხართ დედამიწაზე. მიყვარხართ, მეიმედებით“ – განაცხადა კლინიკის დატოვების შემდეგ ნატალია თხელიძემ.



ერთ-ერთი პაციენტი კი ხატია დევსურაშვილი იყო. მაშინ, როცა ხატია ჯერ კიდევ ვერ დადიოდა, თუთიყუში აჩუქეს, რომელიც მიყვანისთანავე არ მოშორებია ახალ პატრონს და ახლაც მუდმივად თან დაჰყვება. თუთიყუშს რატი ლაონიძე დაარქვა, ლევანი ექიმის (ლევან რატიანი) სიყვარულის გამო.



ბევრმა არ იცის, რომ ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი სალომე ფაცაცია, რომელიც 24 მარტს ავარიაში მოჰყვა, პირველად ლევან რატიანთან კორონავირუსით ინფიცირების გამო მოხვდა.


სალომე ფაცაცია: „არაფერს არ გადავამეტებ. მოვყვები ზუსტად ისე, როგორც იყო. დღეს უკვე ცოცხალი ვარ და ვსუნთქავ, მაგრამ სულ რამდენიმე დღის წინ საკუთარ თავზე გამოვცადე, რას ნიშნავს შეგრძნება გახრჩობდნენ, გინდოდეს სუნთქვა და ვერ ახერხებდე. იმ საშინელ შეგრძნებებს აქ არ მოვყვები, გეტყვით მარტო იმას, რომ მე ცოცხალ-მკვდარი ჩამომიყვანეს. კოვიდ ინფიცირებული, გათიშულ მდგომარეობაში მოვხვდი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ორი დღე დაკარგული მქონდა სამყაროს აღქმის შეგრძნება. ცოტა გონს რომ მოვედი, მეორე კოშმარი აქ დაიწყო.

გარედან არ აღიქმება ის ყველაფერი, რაც იქ ხდება. ჟანგბადზე დამკოკიდებული, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანები – მოხუცები, ორსულები. მე თუ დღეს გადავრჩი და ცოცხალი ვარ არის პირადად ლევან რატიანისა და მისი გუნდის დამსახურებაა.



ლევანი არის პირველ რიგში ადამიანი და შემდეგ ექიმი. უფლის საჩუქარი დედამიწაზე, რომელიც ადამიანებს სიცოცხლეს ჩუქნის. თავისი საქმის პროფესიონალი, გამორჩეულად თბილი დამოკიდებულებით, მუდმივად ჩართული აბსოლუტურად ყველა პროცესში და დეტალში.



პირადი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ ლევანის და მისნაირი ადამიანების დამსახურებაა კიდევ უფრო დიდი მაჩვენებელი რომ არ გვაქვს ლეტალობის. მისი ძალისხმევით არის გადარჩენილი და შენარჩუნებული ბევრის სიცოცხლე, ისევე როგორც ჩემი. ცალკე აღსანიშნავია მისი საოცარი გუნდი. საუკეთესო ექიმები რომლებიც საოცარი სითბოთი ზრუნავენ თითოეულ პაციენტზე.



ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გადავრჩეთ. ნუ დავუკარგავთ ამ სიკეთეს, ჩვენც შევუწყოთ ხელი ჩვენი პასუხისმგებლობით და გავითვალისწინოთ ყველაფერი, რასაც გვირჩევენ . მოვეფეროთ და გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, რადგან ეს ერთადერთია, რაც ახლა ყველას ძალიან გაგვაძლიერებს მადლობა გადარჩენისთვის.



ახლა ლევან რატიანი სახალხო არტისტის კახი კავსაძის სიცოცხლისთვის იბრძვის. მსახიობს კორონავირუსი 28 ნოემბერს დაუდასტურდა. თავდაპირველად მისი მდგომარეობა მძიმე იყო და ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა.



ამ დრომდე ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

წყარო: პრაიმ ტაიმი

FACEBOOK კომენტარები